ჩვენ დღეს დავიწყებთ პროგრამას “სახელმწიფო შენი პარტნიორია“ და აქ მინდა განმარტება გავაკეთო - ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომ გარკვეული რისკები აიღოს თავის თავზე და დაიწყოს მეწარმეობა, თავისი საქმე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქამდე სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები სხვადასხვა სამინისტროში იყო განაწილებული და შესაბამის პროგრამაში ჩასართავად, რეგიონიდან მოქალაქეებს თბილისში ჩამოსვლა უწევდათ. გახარიას განმარტებით, ახლა ისინი შესაბამის ინფორმაციას და მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრსა და იუსტიციის სახლში მიიღებენ.
აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცის პრემიერი დღეს რაჭაში გამართავს.
„აქამდე ჩვენ ეს ყველა პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს რეგიონიდან უხდებოდა ჩმოსულიყო თბილისში, რომ ამ პროგრამას გაცნობოდა და გამხდარიყო ამ პროგრამის ბენეფიციარი. დღეს იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებში და ტურიზმის სააგენტოში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად იქნა განხორციელებული და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონული მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რაც თითოეულ გლეხს აძლევს შესაძლებლობას, ადგილზე მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია და გახდეს ამ პროგრამების მონაწილე, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენ ამ პროგრამის პრეზენტაციას, მის დაწყებას დავაანონსებთ რაჭაში, ამბროლაურში. ესეც სიმბოლურია, რადგან მოგეხსენებათ, ამბროლაურს და რაჭას სტიქიის გამო ახლა ცოტა უჭრის და ამიტომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს მისცემს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს საშუალებას, რომ სწრაფად გახდნენ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების მონაწილე და ამით შეძლონ დაიწყონ თავისი ბიზნესი, თავისი საქმე, აიღონ გარკვეული რისკები თავიანთ თავზე, ოჯახებზე და წარმატების შემთხვევაში, უკვე თავიანთ სოფელზე, დაბაზე, ქალაქზე, ასე გაძლიერდება ქვეყანა,“ - განაცხადა გახარიამ.