გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ დაახლოებით 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს.
დავითაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ფერმერის კუთვნილ ნაკვეთზე ახალი ბაღი გააშენოს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო, რომელიც დაადასტურებს, რომ „იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება“.
„ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს აღწერა, მაგრამ დაახლოებით ვიცით, შეფასება გვაქვს გაკეთებული რამდენ ათას ჰექტარს ფარავდა სტიქია. სტიქია ფარავდა დაახლოებით 4 000 ჰექტარს, თუმცა ეს არ იყო 100%-იანი დაზიანება. სხვადასხვა პროცენტით იყო დაზიანება მიყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება 1000 ჰექტრამდე ახალი ბაღების გაშენება დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნება ფერმერების მაღალი აქტივობა. პროცედურის მიხედვით მათ სჭირდებათ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება, მეტი სხვა მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.