„შრომის ინსპექციამ დამატებითი ბერკეტი შეიძინა, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმებისა და ჯარიმის შემდეგ საჭირო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, უფლება ექნება დახუროს"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 100-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა. როგორც მან აღნიშნა, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, რომ თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდეგაც ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, დახუროს.

„შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ფიზიკურ პირებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები. დღესდღეობით აქტიური მონიტორინგი გვაქვს და უკვე 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული, გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები და დღეისათვის შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება რომ მოახდინოს ობიექტის დახურვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.