ბაზრიდან კიდევ ერთი მიკროსაფინანსო გადის

ბაზრიდან კიდევ ერტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 18 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, გაუქმდეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბანი კრედიტის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ბანი კრედიტის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 4 თებერვლის №90 განკარგულება;

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბანი კრედიტის“ს ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319);

ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ოქტომბერში - 50; ნოემბერ-დეკემბერში - 48; 2020 წლის იანვარში - 46 იყო; თებერვალში - 45; ხოლო მარტ-აპრილ-მაისში მათი რიცხვი 43 იყო; 24 ივლისის მონაცემებით კი, მათი რიცხვი - 41 იყო. აგვისტოს მონაცემებით კი ბაზარზე მხოლოდ 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.