ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
„მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს, მიკრო მეწარმეებს, პოტენციურ მეწარმეებს, რომლებსაც სურთ ჩაერთონ ჩვენს მეწარმეთა მხარდაჭერის პროექტებში. ეს არის ძალიან ეფექტური ინიციატივა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც არ მოგვასვენა სამი სამინისტრო, რომ ძალიან სწრაფად განგვეხორციელებინა ეს პროექტი. ეს პროექტი, განსაკუთრებით დღეს როდესაც პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისია, მიზნად ისახავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მან ასევე ისაუბრა პროგრამა „აწარმოე საქართველოზე“, რომლის ფარგლებში 600-მდე მცირე საწარმო და მცირე საოჯახო სასტუმრო შეიქმნა.
„ყველა ჩვენი მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა მიმართულია, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, დასაქმდნენ და დაასაქმონ სხვები. ეს პროგრამები ამ მიმართულებით ძალიან ეფექტურად მუშაობს. ეს არის ახალი შესაძლებლობა. ეკონომიკის სამინისტროს მხოლოდ ერთი მიმართულება „აწარმოე საქართველო“, რომ ავიღოთ ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 600-მდე მცირე საწარმო და მცირე საოჯახო სასტუმრო არის შექმნილი, 19 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, 6000-ზე მეტი მიკრო გრანტის პროგრამა განხორციელდა და აქაც 15 000-მდე ადამიანი დასაქმდა. ჩვენი ამოცანა არის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას არა მხოლოდ თბილისში და მსხვილ ქალაქებში, არამედ სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში და ამიტომ ჩვენ თავი მოვუყარეთ 20-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას, რომელიც მეწარმეებისთვის არის შექმნილი და გავიტანეთ თბილისიდან - წამოვიღეთ რაჭაში და კიდევ 100-მდე დასახლებულ პუნქტში, სადაც თქვენთვის ძალიან კომფორტულ ნაცნობ გარემოში დაგეხმარებიან შეავსოთ აპლიკაციები, მოამზადოთ ბიზნესგეგმა, მიიღოთ ინფორმაცია, თუ რას გთავაზობთ სახელმწიფო და ეს ყველაზე საინტერესო თქვენთვის არის დღეს, როცა პანდემიის გამო, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განსაკუთრებით გავაფართოვეთ ეს პროგრამები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვეში 1000-ზე მეტმა სასტუმრომ ისარგებლა სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით, ბინათმშენებლობის პროგრამით 919-მა ადამიანმა შეიძინა ბინა და 29 ახალი სამეწარმეო პროექტი განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემით იქნა მხარდაჭერილი.