ლევან დავითაშვილი - მეწარმეობის განვითარების კუთხით, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის

სახელმწიფო რომ რეალურად ჩვენი პარტნიორია, ეს 2012 წლიდან განხორციელებული პროექტების შემდეგ ჩანს, რადგან ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის პროექტები, რომლის ჩამონათვალიც საკმაოდ დიდია, შეეხო ჩვენს თითქმის ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭაში, პროგრამის: “სახელმწიფო შენი პარტნიორი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამის იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და როგორც იქნა განხორციელდა და „ ფრთები შეესხა“. მისი თქმით, „მეწარმეობის განვითარების კუთხით, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის“.

„სოფლად მცხოვრებმა თითქმის ყველა მოქალაქემ მიიღო გარკვეული მომსახურება, თანადაფინანსება, დახმარება 2012 წლიდან დღემდე. ეს იყო ძალიან ბევრი საყოველთაო პროგრამა, რომელიც მათ შორის, 2020 წელს ჩვენ განვახორციელეთ კოვიდიდან გამომდინარე კრიზისულ პერიოდში. თუმცა, ვხედავდით, რომ პოტენციალი არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მეტი ადამიანის ჩართულობა შეიძლება და ბევრად მეტ ადამიანს გააჩნია ნიჭი, მეწარმეობრივი უნარი, ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეწყობა და თანაბარი პირობები, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. იმისთვის, რომ მართლაც თანაბარი პირობები მივცეთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს - სოფლად თუ ქალაქად, ამიტომ ეს უმნიშველოვანესი პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც გასწია რამდენიმე სამინისტროს რამდენიმე მნიშვნელოვანმა რგოლმა, უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 700-ზე მეტი ოფიცერი მომზადდა. ვფიქრობ, რომ მეწარმეობის განვითარების კუთხით, ქვეყანაში ახალ ეტაპზე გადავდივართ. იმას, რასაც სახელმწიფო ქმნიდა პოლიტიკის დონეზე, განხორციელება უნდა მოჰყვეს ასევე მაღალი ხარისხით იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში, თითოეულ ფერმერთან მივიდეთ და მივიტანოთ ეს პროექტები. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვიდეთ თბილისიდან, მოვიდეთ თქვენთან, მოვიდეთ თითოეულ დაბასა და რაიონში, ჩამოვიდეთ ამბროლაურში და ასეთ ლამაზ ადგილებში. ჩვენ თქვენთან უნდა მოვიდეთ და უფრო მეტად აქტიურები ვიყოთ. ამისთვის ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჯერ კიდევ გასაკეთებელი არის ძალიან ბევრი. დღეს უკვე გვექნება საშუალება, რომ სამი ძირითადი მიმართულება, ესენია ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარება, ტურიზმის განვითარება და სასოფლო სამეურნეო მიმართულებების სხვადასხვა სერვისი, შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათ დაიწყონ ახალი საქმე. მეწარმეობის გააწყვეტყილება მარტივი არ არის. ჩვენ დაქირავებული შრომიდან ვხდებით უკვე დამოუკიდებელი მეწარმე, რა თქმა უნდა, ვიღებთ ჩვენს თავზე მეწარმეობრივ რისკებს, მაგრამ ფერმერების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მეტია, ეს არის ძალიან ბევრი სხვა გამოწვევა, გარდა მეწარმეობრივი უნარისა, გარდა იმ ელემენტარული ცოდნისა, რასაც მეწარმეობა ჰქვია, ეს არის ბრძოლა ფაქტობრივად ბუნებასთან, ბუნების გამოწვევებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერების უნარები გაიზარდოს და ტრენინგი, ცოდნა, რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა ფინანსებთან ერთად ჩვენი ფერმერებისთვოს, მოვიტანოთ უკვე თქვენთან,“- განაცხადა დავითაშვილმა.