გერმანიამ ხორვატიის ნაწილი კორონავირუსის გავრცელების გამო რისკის ზონად გამოაცხადა

გერმანიიის ჯანდაცვის საზოგადოებრივმა სააგენტომ ხორვატიის ნაწილი - შიბენიკ-კნინისა და სპლიტ-დალმატიის ოლქები, რომლებიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობენ, კორონავირუსის გავრცელების გამო რისკის ზონად გამოაცხადა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ხორვატია მესამე ადგილზეა კოსოვოსა და თურქეთის შემდეგ იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც გერმანიაში ყველაზე მეტი ინფიცირებული მოქალაქე ბრუნდება.

ცნობისათვის, გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 26 აპრილის შემდეგ.

საერთო ჯამში, გერმანიაში კორონავირუსით 228 621 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 9 300-ს აჭარბებს.