საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, Fitch-ის საკრედიტო რეიტინგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რადგანაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, როგორც ინვესტორების, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
ვეფხვაძის თქმით, რადგანაც Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლები ეკონომიკური რეცესიის ფონზე უარესობისკენ არ შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, დღეს ადგილობრივ ბიზნესს და საერთაშორისო ინვესტორებს უნდა გაუჩნდეთ მეტი ოპტიმიზმი ინვესტიციების გაფართოებისთვის, რამაც თავის მხრივ უნდა შექმნას მეტი დამატებითი ღირებულება ქვეყანაში და ეკონომიკა საბოლოოდ უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რომელზეც 2019 წლის მიწურულს იყო.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, Fitch-ის საკრედიტო სააგენტოს გადაწყვეტილებასთან ახლოსაა ასოციაციის მიერ, 2019 წელს გერმანიის ლეიბნიცის ინსტიტუტსა და PMCG-სთან ერთობლივი თანამშრომლობით დაწყებული, BAG ინდექსის კვლევის შედეგები.
„მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ასოციაციის წევრი ბიზნეს ოპერატორების 30% მაინც აპირებს ინვესტიციის განხორციელებას 2020 წელს, მართალია ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს, მაგრამ მაინც მიუთითებს იმ ფრთხილ ოპტიმიზმზე, რომელსაც ბიზნესში ამჟამად ვხედავთ.
Fitch-ის რეიტინგი და BAG საინვესტიციო ინდექსი ინვესტორებისთვის არის კარგი ინდიკატორი, ღირს თუ არა დღეს ბიზნეს აქტივობა ჩვენს ქვეყანაში. ორივე ინდიკატორი მიუთითებს ფრთხილ ოპტიმიზმზე და მიგვაჩნია, რომ თავასთავად ეს განწყობა უკვე პოზიტიურია ეკონომიკისთვის რეცესიიდან დროულად გამოსვლისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.