ნათია თურნავა - სტუდენტებისთვის უცხოეთში უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ფრენა განხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სტუდენტებისთვის უცხოეთში უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ფრენა განხორციელდება.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგულარული ფრენების ის რაოდენობა, რაც ახლა ხორციელდება, არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ოპტიმალურია. მისი თქმით, თუ მსოფლიოში ეპიდვითარება გაუმჯობესდება, რეგულარული ფრენები დაემატება, ხოლო მდგომარეობის გაურესების შემთხვევაში მთავრობა ადეკვატურ ზომებს მიიღებს.

„ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტატუს-კვოს, იმიტომ, რომ საკმაოდ ინტენსიური ფრენებია, რაც ხორციელდება, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც იძლევა მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება და საქართველოში არსებული ანტიპანდემიური ღონისძიებები. რომ არა პანდემია, გვექნებოდა ჯერადობით მეტი ფრენა, როგორც ეს იყო შარშან, შარშანწინ და ბოლო წლებში. ახლა ჩვენ გვაქვს რეგულარული ფრენები უსაფრთხო ქვეყნებთან, გვაქვს კომერციული ჩარტერები და ასევე, გვაქვს სოციალური ფრენები.

დღეს განვიხილეთ და მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ სტუდენტებისთვის მორიგი რეისი, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. აქედან გამომდინარე, ფრენები არის ოპტიმალური რაოდენობის. თუ ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ დავამატოთ რეგულარული ფრენები არსებული მიმართულებით, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ასევე, ყურადღებით ვართ, რომ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, საიდანაც ფრენები ხორციელდება, თუ რაიმე გაუარესდა, მზად ვართ, რომ მივიღოთ ადეკვატური ზომები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, რაც უპირატესია“,- განაცხადა თურნავამ.