საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ამბროლაურში, კოოპერატივში - „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, რომელიც 11 მეწარმეს აერთიანებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარემ ლაშა გაგოშიძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საწარმოში, მუდმივად დასაქმებულია 4 ადამიანი, ხოლო სეზონურად კიდევ რამდენიმე ემატება.
„კოოპერატივს 300 ძირი ფუტკარი ჰყავს, საწარმოს წარმოების წლიური მოცულობა კი 6 ტონა თაფლს შეადგენს.
კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის ცნობითვე, 2018 წელს ექსპორტზე 1.2 ტონა თაფლი გაიტანეს, ამჟამად კი მარაგშია 5 ტონა, რომლის ექსპორტი პანდემიის გამო დროებით შეფერხდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატურალური თაფლის წარმოების განვითარება მნიშვნელოვანია და მათ შორის სწორედ ნატურალური წარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ფერმერებს დღეიდან უკვე ერთ სივრცეში, მათ საცხოვრებელ ადგილზე სთავაზობს. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ არის პრაქტიკული მექანიზმი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ადგილზე მიიღონ მომსახურება, რისთვისაც დღემდე თბილისში ჩასვლა სჭირდებოდათ.
კოოპერატივში პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.