UNICEF - 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ანგარიშში წარდგენილია საქართველოში მოსახლეობისა და კონკრეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის ზეგავლენის (შრომის ბაზარზე ზემოქმედების შედეგად) წინასწარი გაანგარიშება.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევით დამტკიცდა, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული მიზნობრივი ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები ბავშვების მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანია და ის მოქალაქეებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს გლობალური კრიზისით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებს.

„Unicef –ის კვლევით ასევე დადგინდა ისიც, რომ 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ თავად Unicef-ის კვლევაში რეკომენდაციის სახით შეთავაზებული იყო 50 -ლარიანი დახმარების გაცემა ბავშვებისათვის, რაც იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი 4-ჯერ მეტი, 200 ლარიანი დახმარება, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვნად ზრდის ამ ეფექტს.

პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ოჯახების შემოსავლები შემცირდება, თუმცა ამ კვლევით დადგინდა, რომ მთავრობის მიერ გაცემული ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება,“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს, განახორციელონ შემდგომი ცვლილებები ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფისა და ანტიკრიზისული სტრატეგიების გასაძლიერებლად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალია აცხადებს, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემები სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.

„პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლიერებით, მადლიერებით გაეროს ბავშვთა ფონდის მიმართ, რომელიც სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია ბავშვთა უფლებების დაცვის პროცესში, ბავშვის სიღარიბის დაძლევის პროცესში და ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების პროცესში. დღევანდელი კვლევა არის შედეგი ერთ-ერთი ძალიან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენ და გაეროს ბავშვთა ფონდს გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვეცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების მიმართ, სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით იქნა ჩამოყალიბებული. ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ ამ პროგრამის წარმატებასა და მიზნობრიობას. ის კვლევები, რომლებიც ბავშვთა ფონდის მიერ იდება პერიოდულად და დროულად, სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი ინფორმაციის წყაროა“-განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ანგარიში მთავრობამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ერთობლივად წარადგინეს. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ.