გვსურს მთავრობა წავახალისოთ, რათა მათ ჰქონდეთ რეგულარული ფულადი დახმარებები იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება,- ამის შესახებ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის დამატებითი ფულადი დახმარების გაწევა, განსაკუთრებით ისეთი ოჯახებისთვის, რომლებიც განიცდიან უმუშევრობას, არიან მრავალშვილიანები ან ჰყავთ განსაკუთღებული საჭიროებების მქონე შვილები.
„მთავრობის მხრიდან ასეთი ინტერვენციები, როგორიც არის თანხის გადარიცხვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ერთჯერადი დახმარება, თუმცა გვსურს, რომ მთავრობა წავახალისოთ, რათა მათ ჰქონდეთ რეგულარული ფულადი დახმარებები იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ დროისთვის ასევე მნიშვნელოვანია ოჯახების უზრუნველყოფა დამატებითი დახმარებით, რადგან ეს საჭიროა განსაკუთრებით მათთთვის, რომლებიც განიცდიან დაუსაქმებლობას, მრავალშვილიანები არიან ან ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე შვილები. მათ აქვთ დამატებითი ხარჯები, როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად და სჭირდებათ ამ სახის დახმარება“,- განაცხადა ღასან ხალილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე არსებობს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, თუმცა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი გაფართოვება, რათა ამ პროგრამამ საქართველოში მცხოვრები ყველა ღარიბი ოჯახი მოიცვას.
„მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა საქართველოში უკვე არსებობს, ამიტომ ჩვენ მთავრობას ვურჩევთ, რომ გააფართოვოს ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რათა დარწმუნდეს, რომ ის საქართველოში ყველა ღარიბ ოჯახს მოიცავს. ამავდროულად, „უნისეფი“ ახლა ასრულებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შეფასებას, რომელიც მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა და ჯანდაცვის სამინისტრო ამ შეფასებით ისარგებლებს, განსაკუთრებით „კოვიდ -19“- ის პერიოდში“, - განაცხადა ღასან ხალილმა.