ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებული კომპანიის „ცერბერულ ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ „ბახვი 1 ჰესის განვითარების ხელშეკრულებას“ ხელი მოაწერეს.
პროექტი გურიაში 12 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროექტი დაახლოებით 50 სამუშაო ადგილს შექმნის.
„ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორს შორის. ინვესტორი არის ამერიკული საინვესტიციო ფონდი - „ცერბერუს ფონდი“ და ეს მემორანდუმი შეეხება მცირე ელექტროსადგურის ბახვი 1-ის მშენებლობას გურიაში. 12 მეგავატიანი სადგურია, დასაქმდება მომავალში 50 ადამიანამდე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ცერბერუს ფონდის“ საქმიანობა საქართველოში, რომელიც კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი გააჩნია. მნიშვნელოვანია ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამო - ერთი ის, რომ ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როცა მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც კოვიდს ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მიზეზი ეს არის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ამერიკულ კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ამერიკულ უდიდეს საინვესტიციო ფონდთან.
თავიდან იქნება შესწავლა, გაკეთდება გარემოს ზემოქმედების შეფასება, რათა ყველა გარემოსდაცვითი საკითხი იყოს გათვალისწინებული და ყველა სოციალური საკითხი და რამდენიმე თვეში, როცა ეს ყველა სტანდარტი იქნება შესრულებული, ისინი გადავლენ მშენებლობაზე, ჯამში ეს ყველაფერი მაქსიმუმ სამ წელიწადს წაიღებს,“- განაცხადა ნათია თურნავამ.