ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუკი მსგავსი წინადადება იქნება, ამას მთავრობაში განიხილავენ, არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც, რადგან რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა.
"დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი ოფიციალურად თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ იმ შეზღუდვის გადახედვაზე და დაველოდებით ამ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინაც ვამბობდით, როცა რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა, რომ იმ გადაწყვეტილებას მაშინ რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა, რადგან არც მაშინ და არც შემდგომში არასოდეს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არაფერი ემუქრებოდათ საქართველოში და აბსოლუტურად უსაფრთხო იყო და არის ჩვენი გარემო. დღესდღეობით, თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალიწინებითაც, რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა მინდა მაინც იმედი გამოვთქვა, რომ რეგიონში მთლიანად მალე იქნება ეს ვითარება ნორმალიზებული და ჩვენ შევძლებთ უფრო სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ ტურისტული ნაკადი. მე არ მინდა რაიმე პროგნოზების გაკეთება, რადგან საკითხი კომპლექსურია, ერთი რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი გადაწყვეტილება იქნა თუ არა მიღებული ამ ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეპიდემიოლოგიასთან. დღესდღეობით საკმაოდ რთულია ეპიდემიოლოგიური ვითარება ჩვენს სამეზობლოში, ჩვენ ველოდებით, რომ ყველგან ეს სიტუაცია დასტაბილურდეს, რადგან ჩვენი სამეზობლო იყო ერთ- ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენი ტურიზმის განვითარებაში,"- განაცხადა თურნავამ.
ცნობისათვის, ფრენებთან დაკავშირებით განცხადება სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საქმეა.