პეკინში, ღია სივრცეებში, პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დედაქალაქის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო 13 დღის მანძილზე პეკინში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ ეს, პეკინში, ღია ტიპის სივრცეებში, პირბადეების ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვის მოხსნის მეორე შემთხვევაა. შეზღუდვა პირველად აპრილის ბოლოს მოხსნეს, თუმცა პეკინში კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბაზრის კლასტერის“ გაჩენისა და ინფიცირების შემთხვევების მატების შემდეგ, პირბადეების ტარება ივნისიდან კვლავ სავალდებულო გახდა.
ცნობისათვის, ჩინეთში გუშინ კორონავირუსის 22 ახალი იმპორტირებული შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ქვეყანამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობისთვის საზღვრები ჩაკეტა. პანდემიის დაწყების დროიდან კი ჩინეთში კორონავირუსის 84 917 შემთხვევაა დადასტურებული.