"UNICEF-ის დასკვნა კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას"

„იუნისეფის” დასკვნა კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, განსაკუთრებით პანდემიის დროს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ UNICEF-ის კვლევის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებული გამოწვევის მიუხედავად, საქართველოში ბავშვებთან დაკავშირებული ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მოსახლეობის, სოციალურად დაუცველთა და ბავშვების დახმარებამ გამოიღო შედეგი და მიუხედავად უდიდესი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო - ეს არის სიღარიბის ზრდა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ პერიოდში პირიქით, ბავშვებთან დაკავშირებული ყველა პარამეტრი გაუმჯობესებული გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკროსიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა. UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.