რუსთავში, კომპანია „ქართლი ტექსტილი“ ახალ სამკერვალო საწარმოში დასასაქმებელ პირთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს

რუსთავში, კომპანია „ქართლი ტექსტილი“ ახალ სამკერვალო საწარმოში დასასაქმებელ პირთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, კომპანია „ქართლი ტექსტილში“ დასასაქმებელი მკერავების გადამზადების პროგრამის მიმდინარეობას, დღეს ადგილზე გაეცნო. და მშენებარე საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ გადამზადების ცენტრს ესტუმრა, სადაც საწარმოო პრაქტიკას საწყის ეტაპზე 120 მკერავი გადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, გადასამზადებელი პირების შერჩევა, კომპანია „ქართლი ტექსტილმა“ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რუსთავის მერიის უშუალო ჩართულობითა და ხელშეწყობით განახორციელა.

„პირველ რიგში, მისასალმებელია ქალაქში ასეთი მასშტაბის საწარმო, რომ შენდება. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართლი ტექსტილის“ სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პარალელურად, გარე პერიმეტრზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ხდება იმ პირთა გადამზადება, რომლებიც შემდგომში შეძლებენ ამ კომპანიაში მუშაობას. ეს სამუშაო ადგილები ცოტა არ არის, იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა პროფესიიის ადამიანები იაქტიურებენ, ძირითადად მკერავებზეა საუბარი, გაივლიან 20 დღიან გადამზადების პროგრამას და იმუშავენ ამ ახალ საწარმოში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

„ქართლი ტექსტილის“ წარმოების დირექტორის გიორგი გოგოლიშვილის განცხადებით, ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს დაეუფლოს მკერავის პროფესიას ან გაიუმჯობესოს პროფესიული უნარ-ჩვევევბი, შეუძლია ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში.

„მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის ბოლოს წარმოება უკვე გაიხსნება და პირველ ეტაპზე დავასაქმებთ 1000-დან 1500-მდე თანამშრომელს, ამისთვის უკვე დავიწყეთ გადამზადების პროგრამა. ამ ეტაპისთვის 120 ადამიანი გადის გადამზადების კურსს. მაქსილამურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც გადამზადების გავლის სურვილი აქვს, ამიტომ დღის განმავლობაში ორ ეტაპად მიმდინარეობს სწავლება, დილით და საღამოს. ქალქ რუსთავის მერიის დახმარებით, შევძელით პირდაპირი მესიჯი გაგვეგზავნა ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაგვეცნო მათთვის ჩვენი კომპანია, ასევე ჩვენთან დასაქმების პირობების შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მოგვეძიებინა ადგილობრივი კადრები“, - განაცხადა გიორგი გოგოლიშვილმა.

რუსთავის მერიის ცნობით, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმო, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ მიერ შენდება. საწარმოს მშენებლობა/მოწყობისთვის „ქართლი ტექსტილს“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა მიწა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად, კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში ჯამში 3000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი დასაქმდება.

ცნობისთვის, „აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.