დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე სუბიექტებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრა რუსთავში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა.

დღგ-ის ახალი რეფორმა გააუმჯობესებს საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს, ასევე დაამკვიდრებს, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში რეგისტრირებულ მეწარმეებს შორის. ამასთან, ქართული და ევროპული დღგ-ის, შესაბამისობა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხოლო გამარტივებული საგადასახო ვალდებულებების შესრულებით შემცირდება სადავო შემთხვევები.

მოქალაქეთა მომსახურების რუსთავის სერვისცენტრში შეკრებილ მეწარმეებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შალვა კოპალეიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი ესწრებოდნენ.

აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://www.rs.ge/6608