საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების პირობები გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ მათ თავიანთი ბიზნესის უფრო ეფექტიანად ოპერირებისთვის პრაქტიკული საშუალებები და ახალი ცოდნა გადასცა. ეს პროექტი ევროკავშირმა ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში დააფინანსა.
2017 წლის ივნისში, როდესაც ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმომწერი გახდა და საკუთარი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე (LEDP) მუშაობა წამოიწყო. მოგვიანებით, ამავე წელს, მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტების კონკურსში და 164 აპლიკანტს შორის გახდა 16 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი. ევროკავშირმა პროექტისთვის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ 320,000 ევრო გამოყო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წყალობით, აღნიშნული პროექტის მთლიანმა ბიუჯეტმა 380,000 ევრო შეადგინა.
ამასთან, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შექმნა ორწლიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მიზნებს განსაზღვრავს და მათი მიღწევის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას მოიცავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმამ მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
2018 წლის დასაწყისში, როდესაც პროექტი დაიწყო, პროექტის გუნდმა უპირველესად შეისწავლა ადგილობრივი ბაზარი, მისი პოტენციალი და ადგილობრივი მწარმოებლებისა და მეწარმეების საჭიროებები. კვლევამ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროდუქციის წარმოების შესაძლებლობების და ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა, მიწოდების წყაროები და პერიფერიული მომხმარებლების ბიზნეს ინტერესების შეფასება“ ხელი შეუწყო ეკონომიკური განვითარების მაღალი პოტენციალის სამი სფეროს იდენტიფიცირებას: სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა და ტურიზმი. აღნიშნულ კვლევაში ასევე დეტალურად იყო შესწავლილი მათი შედარებითი ნაკლოვანებები.
კვლევაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, პროექტის მენეჯერებმა 2020 წლის იანვარში დააფუძნეს აგროცენტრი. იგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იმართება და ფერმერებსა და მეღვინეებს ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს სხვადასხვა ტექნოლოგიას, უფასო კონსულტაციებსა და სამართლებრივ რჩევას, აგრეთვე, წარმოებული პროდუქტებისთვის გასაყიდ სივრცეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აგროცენტრის შენობები საკუთარი ხარჯებით ააშენა. იგი სომხეთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ადვილად მისაწვდომ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. აგროცენტრის მდებარეობა გასაჩერებლად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების დაგემოვნებისა და ყიდვის მიზნით მოგზაურებისთვისაც მოსახერხებელია.
აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებსა და მწარმოებლებს ხელმისაწვდომ ფასებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს სამაცივრე, ეტიკეტირების, შეფუთვის, ბოთლში ჩამოსხმისა და გაფილტვრის სერვისებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ღვინისთვის. „აგრეთვე, ფერმერები აგროცენტრში იღებენ საკონსულტაციო და საექსპერტო სერვისებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, „რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის“.
აგროცენტრმა შეისყიდა მანქანა-დანადგარები, რომლებიც მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ საბოლოო პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ყველა სერვისით, მათ შორის, ბოთლში ჩამოსხმა, საცობის გაკეთება და ეტიკეტირება. ვინაიდან ქართველები ღვინოს ძირითადად ქვევრში (ფერმენტაციისა და დაძველების მიზნით მიწის ქვეშ ჩადებული თიხის ჭურჭელში) ინახავენ, აგროცენტრმა ასევე შეიძინა მობილური ხელსაწყო, რომელიც მცირე მეღვინეობებში გადასაადგილებლად არის შექმნილი. აღნიშნულის გამოყენებით ფერმერებს შეუძლიათ ადგილზევე საკუთარი ქვევრიდან ღვინის ამოღება, გაფილტვრა, ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება.
მუნიციპალიტეტი ბევრ მიმზიდველ ადგილს სთავაზობს სტუმრებს, იქნება ეს მეხუთე საუკუნეში დაფუძნებული, საქართველოში მოქმედი ყველაზე ძველი ეკლესია ბოლნისის სიონი, თუ ბოლნისის გერმანული მემკვიდრეობა. მეცხრამეტე საუკუნეში 95-მა გერმანელმა ოჯახმა შვაბიიდან ბოლნისში დააფუძნა კოლონია, სახელად კატარინენფელდი. ბოლნისის ისტორიული სამეზობლო დღესაც ამ სახელს ატარებს.
პროექტის გუნდი უბრუნდება პროექტის განხორციელების გეგმას და აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საზღვრების გახსნისას ბოლნისი მზად იყოს ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების მისაღებად. ეს ასევე იქნება საუკეთესო მაგალითი და შესაბამისი ექსპერტიზის წყარო მსგავსი ეკონომიკური პრიორიტეტების მქონე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.