იაპონიაში ჰარი პოტერის თემატური პარკი გაიხსნება, რომელიც წიგნისა და ფილმის მიხედვით იქნება მოწყობილი (+ფოტო)

იაპონიაში, ტოკიოსთან ახლოს ჰარი პოტერის თემატური პარკი გაიხსნება, რომელიც მწერალ ჯონა როულინგის წიგნების სერია ჰარი პოტერისა და ამავე სახელწოდების ფილმების მიხედვით იქნება მოწყობილი.

CNN-ის ინფორმაციით, პარკი ტოკიოდან 45 წუთის სავალზე ტოშიომინში მოეწყობა. ის საკმაოდ დიდი იქნება, მთლიანობაში 30 000 კვადრატული მეტრი.

პარკში წიგნებისა და ფილმები მიხედვით, თემატური სივრცეები მოეწყობა. მათ შორის, იქნება ჰოგვარტსის მთავარი დარბაზი, აკრძალული ტყე, მაგიური ნივთების შესაძენი მაღაზიები, ქვიდიჩის სათამაშო მოედანი და ჰოგვარტსის საკლასო ოთახები. იდეის ავტორები აცხადებენ, რომ შეეცდებიან ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით გაიმეორონ.

CNN-ის ინფორმაციით, მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, ჰარი პოტერის თემატური პარკის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება და პირველ სტუმრებს მიიღებს.

დამთვალიერებლებს პარკში გადაადგილების დროს შეეძლებათ თემატური კოსტიუმები მოირგონ.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ჰარი პოტერის თემატური პარკი მხოლოდ ლონდონში არსებობს, სადაც გახსნის დღიდან მას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. როგორც ცნობილია 2012 წლიდან დღემდე პარკი 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.

ბექა ბერიაშვილი