7 ტენდენცია, რომელიც პანდემიის შემდგომ ტურიზმის სექტორზე დადებითად აისახება

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა და ჩვენი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალა. მათ შორისაა, ტურიზმის სექტორი. ქვეყნების მიერ საზღვრების ჩაკეტვამ და ავიარეისების გაუქმებამ ათობით მსხვილი ავიაკომპანიისა გაკოტრება გამოიწვია. ამასთან, ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო მსოფლიოში მილიონობით სასტუმრო დაიხურა, რამაც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე დატოვა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემია კაცობრიობისთვის კარგი გაკვეთილია და საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს ვისწავლით. Travel Trivia წარმოგიდგენთ 7 პოზიტიურ ცვლილებას, რომელიც პანდემიის შემდგომ ტურიზმის სექტორზე დადებითად აისახება.

მასობრივი ტურიზმი შემცირდება

ექსპერტების თქმით, პანდემიით გამოწვეული დაძაბულობა და მასობრივი თავშეყრის შიში ადამიანებში საკმაოდ დიდხანს დარჩება. ამიტომ პოსტპანდემიურ პერიოდში ადამიანები შედარებით წყნარ ადგილებში მოგზაურობას ამჯობინებენ, ვიდრე ისეთ გადატვირთულ ქალაქებს, როგორებიცაა ვენეცია, მილანი, პარიზი და სხვა.

გაიზრდება შიდატურიზმი

პანდემიის დროს, როდესაც საზღვრების უმეტესობა ჩაკეტილია, მოსახლეობამ გადაწყვიტა არდადეგები საკუთარ ქვეყანაში გაატაროს. ამგვარად მათ აღმოაჩინეს, რომ საკუთარი ქალაქიდან სულ რამდენიმე საათის სავალ გზაზე ულამაზესი ადგილები არსებობს, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ. Travel Trivia-ს ინფორმაციით, ეს ტენდენცია პანდემიის შემდეგაც გაგრძელდება.

შემცირდება დიდი ჯგუფებით გადაადგილება

გამოცემის მიხედვით, ასევე შემცირდება დიდი ჯგუფებით გადაადგილება და ადამიანების უმეტესობა მარტო ან რამდენიმე მეგობართან თუ ოჯახის წევრებთან მოგზაურობას ამჯობინებს. დიდი ტურისტული ჯგუფებისა და კრუიზების რაოდენობა კი შემცირდება.

ველურ ბუნებაში ცხოველების დანახვას უფრო ხშირად შევძლებთ

პანდემიის დროს მედიაში გავრცელდა უამრავი ფოტო თუ ვიდეომასალა, სადაც ველური ცხოველები დასახლებულ პუნქტებში ჩანან. კარანტინის დროს დაცულ ტერიტორიებზე ბინადარმა ცხოველებმა როგორც იქნა უფრო მშვიდად იგრძნეს თავი და დასახლებებთან ახლოს დაიწყეს გადაადგილება., შედეგად ველური ცხოველების ხილვა დღესდღეობით უფრო ხშირადაა შესაძლებელი, ვიდრე პანდემიამდე იყო.

თვითმფრინავები და სასტუმროები ჰიგიენურ ნორმებს უფრო კარგად გააკონტროლებენ

პანდემიის დროს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თვითმფრინავით გადაადგილება და სასტუმროში დარჩენა უწევთ, უსაფრთხოება და ჰიგიენური ნორმები უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ პანდემიის შემდეგ მომხმარებლების შენარჩუნების მიზნით ისინი ჰიგიენურ ნორმებს უფრო ხშირად დაიცავენ. ამასთან ზოგიერთი ავიაკომპანია გეგმას თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის დისტანცია გაზარდოს.

ხარისხი თუ რაოდენობა

Travel Trivia-ს მიხედვით, პანდემიის შემდეგ ადამიანები უფრო მეტ დროს დაუთმობენ იმის გაანალიზებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მოგზაურობა და შეეცდებიან ის კარგად დაგეგმონ. შედეგად ადამიანებისთვის პრიორიტეტული მოგზაურობის ხარისხი უფრო იქნება, ვიდრე მისი რაოდენობა.

ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად გააცნობიერებენ ურთიერთდამოკიდებულებას

პანდემიამ გვაჩვენა, თუ რამდენადაა მსოფლიო ერთიანი და ერთმანეთისგან საკმაოდ შორს მდებარე ადგილები ურთიერთდაკავშირებულია. გამოცემის ცნობით ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ჩვენი პლანეტა არც ისეთი დიდია და ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურ კავშირშია. შედეგად ისინი უფრო სოლიდარულები გახდებიან ერთმაენთის მიმართ.

ბექა ბერიაშვილი