ნინო ბიზნესმენია, 26 წლის ასაკში უკვე თავისი ფერმა აქვს. "მანჯურიული", "ფარაონი", "გიგანტი" - ეს იმ მწყრების ჯიშებია, რომლებსაც ზრდის და შემდგომ ყიდის.
ნინო წინწალაშვილი წარმოშობით გურჯაანის რაიონიდანაა. ბავშვობა სოფელ ბაკურციხეში გაატარა, შემდგომ თბილისში წავიდა სასწავლებლად და სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. 21 წლის ასაკში სწავლასთან ერთად პატარა ბიზნესი წამოიწყო და დღეს უკვე შემდგარი ბიზნესვუმენია.
- ბავშვობიდან ვოცნებობდი საკუთარ ბიზნესზე, სოფლად ცხოვრებაზე და ოცნება ავიხდინე. ცხოველ-ფრინველი ძალიან მიყვარს, ბავშვობაში წიწილებსა და ჭუკებთან თამაშზე ვგიჟდებოდი.
2015 წელს პროგრამით "აწარმოე საქართველოში" დაფინანსება მოვიპოვე, არცთუ დიდი თანხა, თუმცა ძალიან დამეხმარა. რამდენიმე ათეული მწყერი მყავდა მოშენებული და ძალიან მიჭირდა, რადგან მწყერს სპეციალური გალიები და სპეციფიკური ინვენტარი სჭირდება. გალიების შეძენამდე ფრინველი ფართოდ და თავისუფლად მყავდა, სინამდვილეში კი თურმე მწყერს დაბალი გალია სჭირდება, რომ მაღლა არ ახტეს და თავი არ გაიტეხოს.
დაფინანსების მიღების შემდეგ გაორმაგებული ძალისხმევით შევუდექი საქმეს, ბევრს ვკითხულობდი, ვსწავლობდი და საქმეც უკეთ წავიდა. დედაჩემი ზოოინჟინერია და მეფრინველეობაში მისი გამოცდილება ძალიან გამომადგა.
მოგეხსენებათ, მწყერი გარეული ფრინველია და ბევრ დაბრკოლებას მიქმნიდა, თუმცა ყველაფერი გადავლახე. ფერმა ჯერჯერობით დიდი არ არის და გაძღოლა მაინცდამაინც არ მიძნელდება. მე თვითონ მწყრის ხორცს არ ვეკარები, მიყვარს ეს ფრინველი და საჭმელად მეცოდება.ჩემი ფერმის მიზანი მწყრის კვერცხის მოპოვებაა. ის არა მარტო გემრიელია, არამედ სამკურნალოც. ხშირად მიაქვთ ფილტვის სიმსივნით დაავადებულებისთვის.
მწყერი სპეციფიკური მოსავლელია - დედალი და მამალი უნდა გადაარჩიო, სხვა ჯგუფის "წევრი" თუ რომელიმე ჯგუფში ჩასვი, ერთმანეთს ასისხლიანებენ. ზოგჯერ მწყერი გალიიდან გამქცევია, შემდეგ კი უკან მობრუნებულა და თავისი გალიის წინ დამდგარა - ფერმის ფრინველი უკვე მოშინაურებულია, საკვების მოპოვების უნარი არა აქვს. მწყერი ბუნებრივ პირობებში გაცილებით ნელა მრავლდება, ფერმაში კი კვერცხს ინკუბატორში დებს.
სადედე გუნდისთვის გალიები განსხვავებულია, კვერცხი იქიდან ავტომატურად გარეთ გორდება. განსაკუთრებული საკვები არ სჭირდებათ: სიმინდის ღერღილი, ქერი, ბალახის თესლი, საჭიროებისამებრ რაციონში ვიტამინებს ვუმატებთ.
თავდაპირველად ამ ბიზნესს ჩემი მეგობრები ეჭვით უყურებდნენ, ჰობია და გაუვლისო, მაგრამ მე უკვე საქმედ ვაქციე. ვერ ვიტყვი, რომ დიდი შემოსავალი მოაქვს, მაგრამ მაინც მიხარია. ფერმის გარდა პროფესიითაც ვმუშაობ, ორივე საქმეს მშვენივრად ვუთავსებ. დამხმარეები სეზონურად მომყავს. კვერცხს ადგილობრივ მაღაზიებსა და რესტორნებში ვაბარებ, შეკვეთებსაც ვიღებ. რა თქმა უნდა, ბიზნესის გაზრდაზეც ვფიქრობ, მინდა ისე გავფართოვდე, რომ აქაურები დავასაქმო.
მწყრის კვერცხს საოცარი თვისებები აქვს, დიეტური პროდუქტია, მასში ცოტაა ქოლესტერინი; შესანიშნავია ძვლოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, რგებს დიაბეტიანს. მისი განსაკუთრებული სარგებლიანობა ბავშვისთვის საჭირო ნივთიერებების სიუხვეში ვლინდება: მწყრის კვერცხი ბავშვის სწორად განვითარებას უწყობს ხელს. საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გონებრივი ჩამორჩენილობის, გადაღლილობისთვის, აუმჯობესებს მეხსიერებას, ორგანიზმიდან განდევნის რადიონუკლეიდებსა და ტოქსინებს. მაღალი რადიაციული ფონის გამო იაპონიაში სკოლის მოსწავლეების დილის მენიუში მუდმივად არის მწყრის 2-3 უმი კვერცხი.
100 გრამი მწყრის კვერცხი 13,1 გ ცხიმს შეიცავს, 11,9 გ - ცილასა და B ჯგუფის ვიტამინებს. მწყრის ხორციც დიეტურია, უფრო მეტ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს, ვიდრე ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი. მისი მიღება რეკომენდებულია გულის, ღვიძლის, თირკმლის დაავადებების დროს.
ზურა სოლომნიშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"