ხაშურის 13 კილომეტრიანი შემოვლითი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, ბოლო მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულებულიყო.
ამის შესახებ „ფეისბუქზე" სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე წერს.
„ბიზნესპრენიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობს:
„დღეს ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი “დროებით” იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.
ხაშურის შემოვლითი გზის დაუსრულებელი ფორმით გახსნა შასაძლოა წარმოადგენდეს მომატებულ საფრთხეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში. როგორც ეს ერთ დროს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის დაუსრულებელი მდგომარეობით ექსპლუატაციაში გაშვებამ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოუღებელია ორზოლიანი, ორმხვრივი ჩქაროსნული მაგისტრალის გზის გამყოფი ნაგებებობების გარეშე ექსპლუატირება.
აუცილებელია, ხაშურის შემოვლითი გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც მოძრაობა იქნება ორზოლიანი და ორმხვრივი, განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ მოეწყოს უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი დროებითი ინფრასტრუქტურა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების პროვოცირების რისკებს.
ასევე მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთდეს განმარტება, რატომ ვერ მოხერხდა გაწერილ ვადებში ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულყოფილად დასრულება, რამაც მომავალში შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა." - წერს ურუშაძე