„2021 წელს მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, ბათუმის შემოვლითი გზა და სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთი გაიხსნება"

როგორც მოსახლეობას შევპირდით, ზაფხულის ბოლოს შევძელით ამ გზის ძირითადი ნაწილის გახსნა, ეს არის 13კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთს აკავშირებს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთთან, - ამის შესახებ დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ახალი გზის 13 კმ-დან 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი 4 ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2 ზოლიანი გზით. სრულად ოთხზოლიანი გზის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2021 წელს ბათუმის შემოვლითი გზა და სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთი გაიხსნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ინტენსიური მოძრაობაა შავი ზღვის კურორტების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზის გახსნა. საინჟინრო თვალსაზრისით საინტერესო მონაკვეთია. აქ არის ორი ძალიან დიდი ხიდი, ერთ-ერთი კი გამორჩეულია ყველაზე მაღალი ბურჯებით საქართველოში. საინჟინრო სირთულეებსა და თავისებურებებზე მეტად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები. მთლიანობაში წელს უკვე გავხსენით დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი 46 კმ ახალი საერთაშორისო მნიშნელობის მაგისტრალი, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი გაიზრდება 70 კმ-მდე. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებული ინვესტიციები კონკრეტული შედეგებით სრულდება და ამ მიმართულებით წლევანდელი მაჩვენებელი რეკორდულია.

2021 წელსაც გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა და ასევე, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთი, ანუ ქუთაისის შემოვლითი გზით სრულად შევძლებთ, რომ ვისარგებლოთ წლის ბოლომდე და გაისად უკვე დავამატებთ კიდევ 15კმ-იან მონაკვეთს, რომელიც შუერთდება ჯაპანა-ლანჩხუთის გზას. დამატებით, 34 კმ-იანი ახალი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება 2022 წელს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შიდა ტურიზმისა და რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ სიგრძის გზის მშენებლობას, რომლის დასრულებაც მომავალ წელს იგეგმება.