სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში ადიშის, მულახის და ლენჯერის თემში პრობლემა შექმნა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში მდინარის ადიდების შედეგად 400-მეტრიანი სამანქანე გზა წაღებულია. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან იუწყებიან, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები 2 საათში დაიწყება. სტიქიის შედეგად, დაიტბორა გზები ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფება მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მესტიისკენ მიემგზავრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი.