გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, კომპანია „ბოინგმა“ (Boeing) თავის რეპუტაციაშელახულ ლაინერ „737 მაქსს“ 737 MAX) სახელი შეუცვალა და ამიერიდან მას „ბოინგ 737-8“ ეწოდა. ამერიკული კომპანია ამ სახელს ადრე სამსახურებრივი მიმოწერისას იყენებდა. თვითმფრინავისთვის სახელის გადარქმევის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი ოთხი ეგზემპლარის შეძენა, პოლონურმა კომპანია „ენტერ ეარმა“ (Enter Air) გადაწყვიტა.
კონტრაქტის შესაბამისად, „ენტერ ეარი“ ჯერ ორ ცალ 737-8-ს შეიძენს, შემდეგ კი დამატებით ორის შეძენის ოპცია ექნება. ამ კონტრაქტების დასრულების შემდეგ, პოლონური კომპანიის ფლობაში, 10 ცალი 737-8 იქნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, „ბოინგმა“ პოლონურ კომპანიას სოლიდური ფასდაკლება შესთავაზა. იმ ორი კატასტროფის შემდეგ, რომლებსაც ჯამში 346 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეს პირველი ახალი კონტრაქტია, რომლითაც 737-8 გაიყიდა. კატასტროფების შემდეგ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ თვითმფრინავის სერტიფიცირებისას, არაერთი დარღვევა იყო დაშვებული. ამას მოჰყვა „737 მაქსის“ ფრენების აკრძალვა. „ბოინგს“ კი კლიენტებმა 400-ზე მეტ ლაინერზე გაფორმებული შეკვეთები გაუუქმეს.
ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ ყველა კონსტრუქციული წუნი გამოსწორებულია. ამასვე ადასტურებს აშშ-ის სერტიფიცირების სააგენტო. მაგრამ ლაინერს სახელი გაფუჭებული აქვს და მას კომპანიები აღარ ყიდულობენ. სიტუაციას კორონავირუსის პანდემია ართულებს, რის გამოც, ავიაგადამყვანებს ბევრი რეისის გაუქმებამ მოუწია.
„ენტერ ეარის“ გენერალური დირექტორი გრჟეორჟ პოლანიეცკი ამბობს, რომ პრობლემების მოგვარების შემდეგ, 737-8-ს დიდი შანსი აქვს იმისა, რომ თავის კლასში საუკეთესო თვითმფრინავის სახელი მოიხვეჭოს. მას ლანერის შესყიდვის ფასი არ დაუკონკრეტებია.
აღსანიშნავია, რომ 737-8-ს კომერციული ექსპლუატაციის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის. უოლ სტრიტ ჯორნელის (Wall Street Journal) ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება, ქვეყანაში ამ თვითმფრინავის ფრენის უფლებას 2021 წლის თებერვლამდე არ გასცემს. სხვა ქვეყნებში ეს კიდევ უფრო გვიან მოხდება, რადგან თვითმფრინავის ექსპლუატაციის პარალელურად, აუცილებელი იქნება მისი მომსახურების პროცესის აწყობა და პილოტების ხელახლა მომზადება.