თბილისში დაუსრულებელი და არასწორად შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერის კრიტიკის საფუძველი არაერთხელ გამხდარა. მეტიც, კახა კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების არაჯეროვნად შესრულების გამო „გაშავებით“ ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას არაერთხელ დამუქრებია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა.
მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჯამში 8 კომპანიასა და ერთ ინდ.მეწარმეზე 10-ზე მეტ ტენდერთან დაკავშირებით მიმართა. მათი უმეტესობა გამწვანებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებს ეხება.
ამ პროექტებიდან, შედარებით მსხვილი არის ტენდერი, რომელშიც შპს გარდენიის ცენტრი ლა ენსინა-ს ფილიალმა გაიმარჯვა და რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 603 939 ლარს შეადგენდა.
კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „შავ სიაში“ რეგისტრაციასაც მერია ითხოვს, ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებიდან ზოგიერთი რამდენიმე ტენდერში მონაწილეობდა, კერძოდ, „მწვანე სამყარო“ 4 და „გრინ ჯორჯია“ 2 ტენდერში.
P.S. კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ ითხოვს მერია - ამ სათაურით სტატია „ბიზნესპრესნიუსზე“ 2020 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომპანიების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოგვაწოდა. ჩამონათვალში იყო ის ტენდერებიც, სადაც კომპანია „ენსისი“ მონაწილეობდა. (მფლობელი გეგი ქელბაქიანი). ორიდოდე დღის წინ რედაქციაში თბილისის მერიიდან „შავ სიაში“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელახალი მონაცემები მოვიდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ პირველად მოწოდებულ ინფორმაციაში „მოხდა ტექნიკური შეცდომა“ და ამჯერად დაზუსტებული ინფორმაცია გამოგვიგზავნეს. დაზუსტებულ ინფორმაციაში კი კომპანია „ენსისი“ აღარ ფიგურირებს. შესაბამისად, 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში „ენსისის“ „გაშავების“ პრეტენდენტად დასახელება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამო მოხდა.