შატილის გზაზე, სადაც ხელვში მიკროავტობუსი გადაიჩეხა, ტურისტულ კომპანია „თრეველერ ჯის“ ეკუთვნის.
რეესტრის მიხედვით, კომპანია 2017 წელს დარეგისტრირდა. „თრეველერ ჯის“ დირექტორია შალვა ბოლოთაშვილი. ის არის ასევე კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი. დანარჩენი 50%-ს კი არჩილ ცაგარელი ფლობს.
ცნობისათვის, შატილის გზაზე ავარია გუშინ საღამოს მოხდა. როგორც შსს-ში განმარტავენ, „ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
ადგილზე იმყოფებოდნენ და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი.
შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.