მხოლოდ ერთ წელში, საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას - დავით მესხიშვილი

"მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას",- ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

აღნიშნულით ის, შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას გამოეხმაურა, რა დროსაც მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად - 17 ადამიანი გარდაიცვალა.

"ბიზნესპრესნიუსი" დავით მესხიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას, არ არსებობს სიტყვები რითაც შეიძლება ამ ტრაგედიის შემსუბუქება

დიდი ხანია ამ ქვეყანაში მოშლილია საგზაო უსაფრთხოება. მასზე პასუხისმგებელი უწყებაც კი არ არსებობს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა განესაზღვრათ ასეთი სტრუქტურა ყურიც კი არავის შეუბერტყია. არ ინერგება ევროდირექტივები, არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, არ ხდება "შავი წერტილების" აღმოფხვრა, კანონის აღსრულება უსუსტესია და ა.შ.

და რა გვაქვს შედეგად? ყოველწლიურად 500 გარდაცვლილი და 10 000-მდე დასახიჩრებული ადამიანი! დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს! მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას.

იღუპებიან ბავშვები, ქალები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო ტრაგედიებზე?!გვაქვს უფუნქციო სახელმწიფო სტრუქტურები თავისი თანამდებობის პირებით, რომლებიც ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ ყოველ წელს 500 დაღუპულზე და ათასობით დასახიჩრებულ ადამიანზე. და ბოლოს, გვყავს საზოგადოება, რომელიც შეეგუა და მიიჩნევს, რომ "ავარიაში გარდაიცვალა" ეს ცხოვრების ნორმაა, უბრალოდ უბედური შემთხვევაა და ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ზუსტად ამ დამოკიდებულების გამო გვაქვს კატასტროფული სურათი!",-წერს მესხიშვილი.

ნინი ქეთელაური