საქართველოში ყველაზე დიდი უეკლო მაყვლის ბაღი იყიდება. საუბარია, 12 ჰექტარზე გაშენებულ, სამმაგი გვირგვინის მაყვლის ბაღზე, რომლის 2 ჰექტარზე სხვადასხვა ჯიშის ხეხილიცაა გაშენებული. როგორც ბაღის ერთ-ერთი მეპატრონე, ზაზა კუპრავა „ბიზნესპრესბნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, უეკლო მაყვლის გაშენება 3 წლის წინ დაიწყო და სწორედ ახლა იწყება ბიზნესიდან სარგებლის მიღების პერიოდი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მის ბიზნესპარტნიორს საქმინობისთვის აღარ სცალია, თავად კი დასავლეთში ცხოვრობს, იძულებულია ბაღი გაასხვისოს. ბიზნესს კუპრავა 800 000 ლარად ყიდის.
„ბაღის გასხვისების მიზეზია ის, რომ ჩემი პარტნიორი ვინც არის (ჩემი ოჯახის წევრია) ვეღარ იცლის, საკუთარი საქმეები აქვს, მე დასავლეთში ვცხოვრობ და აქედან გამიჭირდება მართვა. ბაღი 3 წლის წინ გავაშენეთ და ამის მერე უნდა გამხდარიყო უკვე მომგებიანი ბიზნესი, მოგეხსენებათ 1-და 2 წელიწადში არ ხდება მოსავლის მიღება. თუმცა, ასე გამოვიდა, გაყიდვა მიწევს“,- აცხადებს ზაზა კუპრავა.
ბაღთან ერთად იყიდება ყველა ის საჭირო ტექნიკა, რაც მოსავლის დასამუშავებლადაა საჭირო. კერძოდ, ახალი 65 ც.ძ ტრაქტორი, იტალიური მულჩერი, ავტობუსი, იტალიური 1200 ლ.ტ შესაწამლი აპარატი და მისაბმელი. ამასთან, იყიდება 54კვ ავტოფარეხი და 60კვ საცხოვრებელი. როგორც მეპატრონე აცხადებს, ნაკვეთში თვითდინებით შემოდის წყალიც.
ცნობისთვის, უეკლო მაყვლის ბაღები შპს ზზ ჯგუფს ეკუთვნის.
რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. მაშინ მისი 100%-ინი წილის მფლობელი ზაზა კუპრავა იყო. ბოლო ამონაწერით კი, ზაზა კუპრავას 50%-იანი წილი ჰქონდა, 50% კი - ზაზა ხუციშვილს. კომპანიის დიორექტორი ამ ეტაპზე ზაზა კუპრავაა.