პანდემიის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად დამატებით მილიარდი დოლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო საკვებითა და აუცილებელი პროდუქტებით იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
„სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ოჯახების კვებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის დამატებით მილიარდ დოლარს გამოვყოფთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, მომდინარე წლის 28 მარტს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკა დამატებით 2 ტრილიონ დოლარს მიიღებს.