გერმანიის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულად შემცირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, გერმანიის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 9.7%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ გერმანიის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს ეკონომიკის შემცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია 1970 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის კვარტალური მონაცემის დაანგარიშება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, სამომხმარებლო ხარჯები 10.9% -ით შემცირდა, კაპიტალდაბანდებები 19.6% -ით, ხოლო ექსპორტი 20.3% -ით.

სამშენებლო საქმიანობაც კი, რომელიც გერმანიის ეკონომიკის მუდმივად მზარდი სფეროა, აღნიშნულ პერიოდში 4.2% -ით შემცირდა.