ევროკომისიამ 15 ქვეყანას 81,4 მლრდ ევროს დახმარება გამოუყო

ევროკომისიამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი უმუშევრობის დასაძლევად 15 ქვეყანას 81,4 მლრდ ევროს დახმარება გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისია ავრცელებს. ახლა კი ის ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი იტალიას ერგება - 27,4 მილიარდი ევრო, შემდეგ მოდის ესპანეთი - 21,3 მილიარდით, პოლონეთი - 11,2 მილიარდით, ბელგია 7,8 მილიარდით. ყველაზე ნაკლები კი ერგებათ - ბულგარეთს, ჩეხეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, კვიპროსს, ლატვიას, ლიეტუვას, მალტას, რუმინეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას. ევროკავშირის დანარჩენ 12 ქვეყანას კომისიამ მოუწოდა წარმოადგინონ განაცხადები, რათა გადანაწილდეს დარჩენილი 18,6 მილიარდი ევრო.

ევროკავშირის ზაფხულის საპროგნოზო მაჩვენებლით, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა, ევროკავშირის მშპ 2020 წელს 8,33-ით შემცირდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის მეორე ტალღა მძიმედ არ დაარტყამს მის ეკონომიკას.

კოკა კვირკველია