ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 694.04 მლნ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 694.04 მლნ ლარით (2.05%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 232.94 მლნ ლარით (1.61%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 461.10 მლნ ლარით (2.39%-ით) გაიზარდა.

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.40%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.16 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.46%-ით მეტი).

2020 წლის ივლისის განმავლობაში 2.37%-ით, ანუ 395.84 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 17.10 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.72 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.38 პროცენტული პუნქტით)”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.