საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 30.54 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი აგვისტოსათვის 30.54 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.77 მლრდ ლარით, ანუ 6.16%-ით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.41%-ით მეტი), - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 684.57 მლნ ლარით, ანუ 5.15%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.58%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.09 მლრდ ლარით, ანუ 7.02%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.13%-ით).

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 39.42 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.83 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.11 პროცენტული პუნქტით).

ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.68% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.71%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.54%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.53%, ხოლო ევროს წილმა 14.11% შეადგინა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.