"დროებით უნდა შევიკავოთ თავი, რადგან ქვეყანაში ყოველგვარი დიდი შეკრება ინფექციის შემდგომი გავრცელების მომატებული რისკია"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლენჯერის მოსახლოების დაახლოებით 60%-ს ახალ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა.

მისივე განცხადებით, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც.

„ლენჯერის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს ახალ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა. ჩვენ იქ განმეორებითი ტესტირებისას 7 ადგილობრივი და ლენჯერთან დაკავშირებული 4 შემთხვევა გვქონდა.

ასევე, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც. ბათუმსა და ქობულეთში. გუშინ ჩაერთო შეკვეთილის სამედიცინო დაწესებულება, სადაც 3-4 დღის განმავლობაში ჩატარებულია 342 ტესტი. ეს ის პირები არიან, ვისაც უნდა ნებაყოფილობით ჩაიტაროს ტესტირება ბათუმის ან ქობულეთის ბულვარში, ასევე არის ბულვარის გასწვრივ კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალიც. ჩატარებულია 350 ტესტი, აჭარაში ბოლო დღეების განმავლობაში წვიმიანმა ამინდებმა ცოტა ხელი შეგვიშალა. არც ერთ შემთხვევაში არ იყო დადასტურებული კორონავირუსის დადებითი შემთხვევა“, -განაცხადა არმიან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პრევენციისთვის არსებული წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს.

მისივე განმარტებით, უმნიშვნელოვანესია პირბადეების ტარება, როგორც თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალების. მისივე თქმით, თუ ღია სივრცეში დიდი თავშეყრაა, აუცილებელია დისტანციის დაცვა 1-დან 2-მეტრის მანძილზე, ხელების ხშირი დამუშავება საინიტაიზერების მეშვეობით.

გამყრელიძის თქმით, მოქალაქეები უნდა მოერიდონ ყველანაირი ტიპის დიდ თავშეყრას.

„ჩვენ დროებით უნდა შევიკავოთ თავი, იმიტომ, რომ ყოველგვარი დიდი შეკრება ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების მომატებული რისკია. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ როგორც აქამადე შევაკავეთ ინფექციის გავრცელება, ეს პროცესი დაახლოებით ამ ჩარჩოებში გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.