ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების ფილიალების რაოდენობა გაიზარდა, სერვის-ცენტრების კი შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.
უფრო კონკრეტულად, 2019 წლის ივლისის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 802 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს ეს რაოდენობა 780-მდე შემცირდა. რაც შეეხება ფილიალების რაოდენობას, 2019 წლის ივლისში 137 ერთეული ოპერირებდა, წელს კი - 162.
2020 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში 15 ბანკი ოპერირებს.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 55-დან 42-მდე ერთეულამდე შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში 88 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა. თუ 2019 წლის ივლისში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 925 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 837-ს შეადგენს.
სამაგიეროდ, გაიზარდა სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 201 ერთეულს შეადგენს. 2019 წლის ივლისში სესხის გამცემი სუბიექტეის რაოდენობა შეადგენდა 190-ს.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით 2020 წლის ივლისში ბაზარზე ოპერირებდა 18 სადაზღვევო კომპანია, 4 - საპენსიო სააგენტო და საპენსიო სქემა, 2 - საფონდო ბირჟა და ერთი - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება.