საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა. წლის დასაწყისში არსებული მაღალი ფასები შემდეგ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან, ვინაიდან მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება შემცირდა სხვადასხვა კომპეტენტური შეფასებებით საშუალოდ 12-14 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში.
„მას შემდეგ, რაც „ოპეკი +“-მა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში) და ამავდროულად დაიწყო მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი, ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, საჰაერო, სახმელეთო სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა. ამან თავისთავად გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნილების მატება. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ნავთობის ფასის ზრდას.
კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში პანდემიის გააქტიურების დაწყებისთანავე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს ის მატებას. დღეისათვის ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შეადგენს 45,86 დოლარს/ბარელზე, რაც საშუალოდ 80%-ით მეტია პანდემიის პერიოდის საშუალო ფასთან შედარებით.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, იმ პერიოდში, როდესაც ფიქსირდებოდა საერთაშორისო ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით, პარალელურად მცირდებოდა ფასები საქართველოს საცალო ქსელში, ჯამში საშუალოდ 80 თეთრით/ლიტრაზე. თუმცა ივლისის თვიდან საწვავის ფასმა ზრდა დაიწყო და გაზრდილია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საშუალოდ 35-40 თეთრით/ლიტრაზე, ხოლო ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე - 20 თეთრით/ლიტრაზე.
დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,99-2,07 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,06-2,17 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,09-2,19 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,02-2,12 ლარი/ლიტრაზე“, - აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.