მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი საამაყოა, ზოგადად, ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების კომენტირებისას.
როგორც მან აღნიშნა, კვლევამ მოიცვა 144 ქვეყანა და მრავალი ათასი კომპანია, მათ შორის, 500-ზე მეტი კომპანია საქართველოში.
"მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ამ შემთხვევაში, მოიცვა 2019 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის დასაწყისამდე პერიოდი. ძალიან საინტერესო და სასიხარულოა, რომ ამ 144 ქვეყნაში კორუფციის დონით, ჩვენ საუკეთესო ათეულში ვართ, რაც ყველაზე დაბალი ნიშნულია. თავად კორუფცია ფასდება რამდენიმე პარამეტრით. ერთ-ერთია, რამდენად მოუწია ქრთამის აღება სხვადასხვა კომპანიას. ამ შედეგით, 10 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნათა რიგში ვართ მსოფლიოში. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორს მოხვდა საქართველო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით. ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესოა, რომ ისეთ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად მაღალრისკიანია კორუფციის თვალსაზრისით, მაგალითად: ნებართვების გაცემა, ლიცენზიების გაცემა, ასევე, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, აქ განსაკურებით დაბალია ეს მაჩვენებელი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ბოლო წლებში.
შეგახსენებთ, რომ კვლევის თანახმად, საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და მისი მიზანია, ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხნენ 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.