საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და მათი პარტნიორების (EBRD, EIB, DFID) ორგანიზებით განხორციელებულ საწარმოთა მორიგ კვლევას აფასებენ, რომლის მიხედვითაც ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე განმარტავს, "ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისათვის. კეთილსაიმედო ბიზნესგარემოს შესაქმნელად უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი კორუფციის დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად ამ კვლევის შედეგების ფონზე, სხვა თანაბარ პირობებში, ქართულ კომპანიებს უნდა გაუადვილდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ახალი პროექტების განხორციელება. მაღალი კორუფცია და მასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, როგორც წესი, ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევა".
„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კვლევის ფორმატით ინფორმაციის პირველწყარო თავად ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. კვლევაში 600-მდე კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ბუნებრივია, მოხარულნი ვართ, რომ კვლევაში მონაწილე კომპანიების დიდი უმრავლესობა გამორიცხავს კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში. ამასთან, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესგარემოზე პერმანენტული ზრუნვა ის პროცესია, რაც მსოფლიოს თანამედროვე ეკონომიკურ რეალობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება მუდმივ ყურადღებას, უწყვეტ, გონივრულ და მიზანმიმართულ რეფორმებს მოითხოვს. ამ კუთხით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია როგორც აღმასრულებელ ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პროცესში ყოველთვის ღიად საუბრობდა და საუბრობს ბიზნესგარემოს ცალკეული კომპონენტების გაუმჯობესებისა და შემდგომი რეფორმების საჭიროებებზე. სასიამოვნოა, რომ ამ თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს და იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობის არსებული პროფესიული და კონსტრუქციული რეჟიმი გაგრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ბიზნესსა და შესაბამისად ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოუტანს“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.