„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კორუფციისგან თავისუფალი ბიზნეს გარემო. ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია, ყოველგვარი მოსყიდვის, წნეხის და შიშის გარეშე ისარგებლოს ყველა სერვისით, რასაც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები სთავაზობენ”,- ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საწარმოთა კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი ბიზნეს გარემოა, ამას მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც, საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, ყველა პარამეტრის მიხედვით ტოპ-ათეულშია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოთა კვლევას მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) ატარებს.
უწყების ინფორმაციით, კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას. კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან(სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.
საწარმოთა კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მისი მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 581 კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერები.