კახა კალაძე - სატრანსპორტო რეფორმის ამოცანაა, მოქალაქეს გაჩერებებზე ავტობუსის ლოდინი 7-15 წუთზე მეტი ხნით არ მოუწიოს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის ამოცანაა, მოქალაქეს გაჩერებებზე ავტობუსის ლოდინი 7-15 წუთზე მეტი ხნით არ მოუწიოს.

ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მთავარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გაადაადგილება დედაქალაქში. შესაბამისი დერეფნების მოწყობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროში შეუფერხებელი გადაადგილება უნდა უზრუნველყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპროტზე უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა. ადამიანებს, ვინც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობს, გაჩერებებზე ლოდინი ნახევარი საათი, 40 წუთი უწევთ, რაც სერიოზული დისკომფორტია. ავტობუსების შემოყვანის პროცესი გრძელება, შესყიდული გვყავს 12- მეტრიანი ავტობუსები და მომავალ წელს იგეგმება 18-მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანა. ასევე, მნიშვნელოვანია ჭკვიანი შუქნიშნების შესყიდვა. ჩვენ ტენდერი უკვე გამოცხადებული გვაქვს, უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ამ ყველაფერში უცხოელი და ქართველი ქსპერტები არიან ჩართულები. ამ ეტაპზე გადავდივართ სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის დეტალურ განხილვაზე და რამდენიმე ქუჩაზე უკვე ზუსტი მოდელირება და სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი. 1-ელი ასეთი პროექტი, რომელიც განხორციელდა, ეს იყო ჭავჭავაძის გამზირი, სადაც მოეწყო შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მთლიანად შეიცვალა სატრანსპორტო პოლიტიკა და ეს არ იქნება პირველი და ერთადერთი. ჩვენ ვაგრძელებთ. შეიძლება სხვა ქუჩები ინფრასტრუქტურულად ისე ვერ მოვაწყოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირია მოწყობილი, თუმცა დახაზვა აუცილებლად მოხდება", - განაცხადა კალაძემ.