თბილისის მერია ვაკის პარკის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერია მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მერის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

"იცით, ჩვენი დამოკიდებულება პარკების რეკრეაციული სივრცეების მიმართ. ასევე, იცით, ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ქალაქში ყველას გვაწუხებსიმიტომ, რომ პირველ რიგში, აისახება ჩვენს, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, თუ კონკრეტული ნაბიჯი არ გადავდგით და კონკრეტული პროექტები არ განვახორციელეთ, შეუძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ პარკების და სკვერების რეაბილიტაციით არ შემოიფარგლება. ჩვენი სატრანპორტო პოლიტიკა, რაზეც ვსაუბრობთ, შეიძლება გარკვეულწილად მტკივნეულიც იყის, შეიძლება ადამიანებს უჭირდეთ შეგუება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ჩვენი ქალაქისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. ისევ და ისევ, ვსაუბრობთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილებისა და ქალაქის მომავალზე. შესაბამისად, სატრანსპორტო პოლიტიკის ბილომდე მიყვანა მესმის, რომ არაპოპულარული პროექტია, მაგრამ როგორც მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ ვთქვი, კიდევ გავიმეორებ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისა და მომავალი თაობებისათვის.

მსურს ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ გასული წელი დავუთმეთ საპროექტო სამუშაოებს. ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებოთმცედნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე ბრიტანულმა კომპანიამ " სი ბი ეს სტუდიოზმა" პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიძლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, მაგასაც დავუბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სამუშაოების წარმოება", - განაცხადა კალაძემ.

მერის განმარტებით, სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტუქტურა. ამასთან, კალაძის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს კასკადის პროექტირება და როგორც კი პროექტი იქნება, ასევე კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი. კახა კალაძის განმარტებით, ვაკის პარკის პროექტის რეაბილიტაციას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება, საჭირო იქნება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა მერის განმარტებით, ყველაფერი ისე დაიგეგმება, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შეექმნათ ადამიანებს.

"გპირდებით, რომ როგორი სამუშაოებიც ჩატარდა და ძალიან მაგარი სივრცე გამოვიდა მზიურის პარკი, კიკვიძის პარკი, გლდანის მე-6 მიკრორაიონში, დარწმუნებული ვარ, რომ ვაკის პარკი თბილისისელების საამაყო პროექტი იქნება და ძალიან მაგარი სივრცე გამოვა რეაბილიტაციის შემდეგ", - განაცხადა კალაძემ.