რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მიუწევთ იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოდან მუშაობას გადაწყვეტენ

2000-ლარიანი ხელფასის ამონაწერი, 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი და PCR ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით - ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოდან მუშაობის მსურველ უცხოელებს მოუწევთ.

განაცხადის ფორმა და წესები საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ წესების ნაწილი არ ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. ამასთან, პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილება.

განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის www.stopcov.ge-ზე ინგლისურ ენაზე. სახელისა და გვარის გრაფა ივსება ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული ტრანსკრიფციით.

განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელი დამსაქმებლის შესახებ, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ (ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება), სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში.

თანხმობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს. თანხმობის გამცემი უწყების მიერ განცხადების განხილვა მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღეში განხორციელდება.