გერმანია რისკის ზონებიდან ქვეყანაში შემავალთათვის ტესტირების პრაქტიკას წყვეტს

გერმანიამ შეწყვიტა კორონავირუსის გამოსავლენად აუცილებელი ტესტირების პრაქტიკა იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც უცხოეთის მომატებული რისკის ზონებიდან ბრუნდებიან და თავის სტრატეგიას ტესტირებასთან დაკავშირებით იმ ადამიანებისკენ მიმართავს, რომლებსაც სიმპტომები გამოუვლინდება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის განცხადებით, ზაფხულის არდადეგების პერიოდში გერმანიაში კორნავირუსზე ტესტირება თითქმის გაორმაგდა და 900 ათასს მიაღწია კვირის განმავლობაში, ნაწილობრივ იმ ადამიანთა გამოსავლენად, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს დაინფიცირდნენ.

მისივე ინფორმაციით, ადამიანებს, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ დაინფიცირების რისკის ზონებიდან, აეროპორტებში, სადგურებსა და გზატკეცილების გაჩერებებზე უფასო ტესტირების გავლას სთავაზობდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდა ორკვირიანი კარანტინისთვის თავი აერიდებინათ, თუკი შედეგი უარყოფითი იყო.

მინისტრის თქმით, მოგზაურები, რომლებიც მაღალი რისკის ზონებიდან გერმანიაში ბრუნდებიან, ეს კი ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს მიღმაა, ზოგიერთი კი წევრი ქვეყანა, სამომავლოდ მათთვის აუცილებელი იქნება კარანტინის გავლა სულ მცირე ხუთი დღის განმავლობაში, ვიდრე ტესტს ჩააბარებენ, რომელიც უფასო აღარ იქნება, გარდა ექიმის შესაბამისი რეკომენდაციისა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიცვლება ეს წესი, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამაზე გადაწყვეტილებას ხუთშაბათს მიიღებენ.