რატომ იხურება სავალუტო ჯიხურები - ერთ წელიწადში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 88 ერთეულით შემცირდა

საქართველოში სავალუტო ჯიხურების რაოდენობა 88 ერთეულით შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თუ 2019 წლის ივლისში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 925 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 837-ს შეადგენს.

როგორც ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ამის მიზეზია პანდემია, სარეთაშორისო ვიზიტორების არარსებობა და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა. ნინო ქავთარაძის თქმით, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები 2 თვე და 10 დღე სრულად დაიხურა, ამ პერიოდში კი, ხარჯვითი ნაწილი არ შემცირებულა. შესაბამისად, ობიექტების ნაწილს დახურვა მოუწია.

„პანდემიის დროს დაიხურა ძალიან ბევრი სავალუტო. როგორც იცით, კორონავირუსამდე კურსთა შორის რყევა იყო ძალიან დიდი, რამაც ასევე განაპირობა ობიექტების ნაწილის დახურვა. პანდემიის დროს, 2 თვე და 10 დღე გვქონდა საქმიანობა შეჩერებული, ამ პერიოდის განმავლობაში, სავალუტოების წარმომადგენლებს ხარჯვითი ნაწილი ჩვეულებრივ ჰქონდა. ამ ყელაფერმა ერთად, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ სავალუტოების წარმომადგენლები ეტაპობრივად ხურავენ ობიექტებს. ამას დაემატა ისიც, რომ ტურისტები არ არიან და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც საკმაოდ რთულია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, 88 ჯიხური არ არის საგანგაშო ციფრი, ეს მაშინ, როდესაც ბაზარზე 800-ზე მეტი ობიექტი ოპერირებს. “,- ამბობს ნინო ქავთარაძე.