პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განაცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1 სექტემბრიდან დაიწყება.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა,18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხები, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.
„კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე მოქალაქეეების მხარდაჭერის კონკრეტულ ღონისძიებებს და ნაბიჯებს დგამს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, თუმცა აქ იყო ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა საბანკო სექტორთან შეხვედრა და მათთან საუბრის შემდგომ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები, არცერთ შემთხვევაში, არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის. ისევე როგორც აღსრულების არცერთი მექანიზმი და ღონისძიებები ამ თანხას არ შეეხება" ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, დღეის მონაცემებით ამ პროგრამაზე 810 ათასი ბავშვის განაცხადია, რაც 482 ათას ოჯახია.
"ეს არის ყველაზე სწორი და ეფექტიანი დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გადავწყვიტეთ. ეს მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და პირველ რიგში, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად", - განაცხადა გახარიამ.