პენსიების დარიცხვა და გაცემა თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პენიონრები პენსიის აღებას ყოველი თვეს პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, პენსიის გაცემა შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ბანკების ფილიალებთან მობილობისა და რიგების შემცირებაა.

„მოგეხსენებათ, რომ პენსიები პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს მუდმივად ბანკების ფილიალებში, განსაკუთრებით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში დისკომფორტისა და რიგების საბაბი იყო, თუმცა პანდემიის პირობებში, ეს დიკომფორტის გარდა, მაღალი რისკის მატარებელია ეპიდემიის გავრცელებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება ან ტექნიკური პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ, არის მობილობის დაცემა, რიგები აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ არა ერთ დღეს, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის კიდევ ერთი ჩვენი ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ პატივისცემასა და ზრუნვას ჩვენი ღვაწლმოსული მოხუცებისადმი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.