ნათია თურნავას განმარტებით, 100-მილიონიან საგრანტო აუქციონში მონაწილეობა ყველა იმ მენაშენეს შეუძლია, ვისაც საცხოვრებელი ფართების მშენებლობაზე ნებართვა აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 100-მილიონიან საგრანტო აუქციონში მონაწილეობა ყველა იმ მენაშენეს შეუძლია, ვისაც საცხოვრებელი ფართების მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო ნებართვა აქვს მიღებული.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მენაშენეების სურვილის შემთხვევაში მათი ფართის 30%-ს სახელმწიფო შეიძენს.

"ისტორიულადაც ეკონომიკურ კრიზისებს თან ახლდა პრობლემები სამშენებლო სექტორში და გროვდებოდა დაუსრულებელი საცხოვრებელი ფართები, რაც იყო დიდი პრობლემის საწინდარი და ძალიან ბევრმა ოჯახმა ამით იზარალა. ჩვენ გვინდა ამის პრევენცია გავაკეთოთ და როგორც ეს არის გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. ამ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა ყველა მენაშენეს შეუძლია. ეს ისევ და ისევ იმას ნიშნავს, რომ მათი რისკები იქნება მინიმალური და რაც მთავარია, მინიმალური იქნება იმ მოსახლეობის რისკები, ვინც ელოდება ამ ბინების აშენებას და ფინანსურ დანახარჯს წევს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ცხადდება 100-მილიონ ლარიანი საგრანტო აუქციონი, რომლითაც არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩება დაუსრულებელი.