ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველები კარანტინსა და ტესტირებას საკუთარი სახსრებით გაივლიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოში“, რომელიც 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს აძლევს ჩამოსვლისა და საქართველოდან დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას.

მინისტრის განმარტებით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველებმა კარანტინი და ტესტირება საკუთარი სახსრებით უნდა გაიარონ.

„პრაქტიკულად დღეიდან stopcov.ge-ზე ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“. ეს პროგრამა აძლევს საშუალებას 95-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსვლის, დისტანციური მუშაობის მსურველებს ან ფრილანსერებს, ვინც დღესაც არიან კონტრაქტორები და მუშაობენ დისტანციურად, ჩამოვიდნენ საქართველოში, საკუთარი ხარჯით გაიარონ კარანტინი, ტესტირება და შემდეგ დარჩნენ ჩვენს ქვეყანაში და იმუშაონ აქედან, ვინაიდან საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ვიზიტორები სწორედ საქართველოში ჩამოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა, ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები, რის გამოც ისინი არჩევენ საქართველოს და ეს ინტერესი უკვე არის გამოვლენილი. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები არის უფრო ხელმისაწვდომი და მათი დანახარჯებიც იქნება ნაკლები. რაც მთავარია, საქართველო არის მშვენიერი ქვეყანა, რომლის მიმართულებაც არის დიდ სიამოვნებასთან დაკავშირებული და ისინი შეძლებენ, რომ შეათავსონ თავისი სამუშაო და სასიამოვნოდ გაატარონ ეს თვეები ჩვენთან,“ - განაცხადა თურნავამ.